მარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.
თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან როლს, ასევე რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და თურქმენეთის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.
აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის პოტენციალს. თურქმენეთის მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოს პორტებთან სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. გამოითქვა მზაობა საზღვაო სფეროს ციფრული ტრანსფორმაციისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) დანერგვის კუთხით თანამშრომლობაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით დააკავშირებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს, სერიოზული დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ნათია თურნავა
11.11.2026.19:52
საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სანქციების სერიოზული დარღვევის ან მათთვის თავის არიდების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, 2023 წელს მიღებული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული წესი, პირველ რიგში, საქართველოს საფინანსო სისტემის საერთაშორისო სასანქციო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
„ჩვენი საბანკო სისტემა დიდწილად არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ვალუტებზე, რომლებიც ამ სანქციების ავტორები არიან – დოლარსა და ევროზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების რეჟიმი მაქსიმალურად იყოს დაცული. სანქციების აღსრულების წესის ძირითადი ნაწილი სწორედ იმას ეძღვნება, რომ ბანკებმა ეს მოთხოვნები უნდა დაიცვან. შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენი სისტემა სანქციებს მაქსიმალურად იცავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სანქციების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის MONEYVAL-ისა და ევროკავშირის შესაბამის ანგარიშებში.
„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ეროვნული ბანკის შეფასება. ეს არის საერთაშორისო შეფასება, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების, როგორიცაა MONEYVAL, რომელიც აფასებს გამჭვირვალობას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლასა და სანქციების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ევროკავშირის ბოლო ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ძალისხმევაა გაწეული“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატიული აქტი სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის იმ სამართლებრივ პროცედურებთან, რომლებიც სხვა პირის ქონებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს არეგულირებს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ნორმატიული აქტი მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ეს წესი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მისი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი საფინანსო სისტემის საერთაშორისო შეზღუდვებთან, რეგულაციებთან და სასანქციო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგულაციის რომელიმე კონკრეტულ პირთან დაკავშირება არასწორია და ამის საწინააღმდეგოდ, მისი შეფასებით, წესის მოქმედების სამწლიანი შედეგები მეტყველებს.