მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ბიზნეს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ - ის კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ბიზნეს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინვესტიციით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერებას. მინისტრის თქმით, ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზება, განახლებული საპორტო ინფრასტრუქტურა და სხვ, ხელს შეუწყობს საქართველოს, განავითაროს და გააძლიეროს თავისი როლი შუა დერეფნის პროექტში და ხელი შეუწყოს ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ორმხრივი ბიზნეს წრეების დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოს გარდა, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრნენ და ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სფეროებში შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826