მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჭოუ ჰაიბინთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად პეკინში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციაში ასევე არიან ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა
04.11.2026.13:43
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთის ბაზარს და იქ ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ცნობადობის ზრდას.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.