მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ ედვარდ უორდს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს, რაც ბრიტანული ბიზნესის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ გამოცხადებული ნდობის მანიშნებელია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს კიდევ უფრო განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გზით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ British Airways-ისა და EasyJet-ის მიერ ოპერირების დაწყებამ მოკლე დროში ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის სწრაფი ზრდა გამოიწვია.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სანქციების აღსრულების მექანიზმებზეც. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პორტებში ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელსაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს.
გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.