მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, 19 ნოემბერს „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, 19 ნოემბერს „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა.
მინისტერიალის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, სხვა ქვეყნების მთავრობის ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
,,საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს, სადაც იკვეთება ვაჭრობა, ენერგეტიკა და გეოპოლიტიკა. საუკუნეების განმავლობაში ეს რეგიონი ერებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო დღეს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო ძლიერდება მისი მზარდი როლით ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების პროცესში," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ასრულებს წამყვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონებს ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან.
„სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (SCP) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი ადასტურებს საქართველოს სასიცოცხლო წვლილს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, დამოკიდებულების შემცირებასა და ევროპის ენერგეტიკული მედეგობის ამაღლებაში. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების მეშვეობით საქართველო ასევე წარმოადგენს კასპიის ნედლი ნავთობის საკვანძო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც კასპიის რეგიონს საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც, მისი შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც უშუალოდ საქართველოსთვის, ასევე ფართო რეგიონისთვის.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას 1 300 მგვტ ოპტიმალური სიმძლავრით, წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიის ევროპულ ელექტროენერგიის ბაზართან დასაკავშირებლად და განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშესაწყობად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა „მწვანე ენერგიის დერეფანი," რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროექტია. საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ახლახან მოაწერა ხელი მთავრობათაშორის შეთანხმებას აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ელექტროენერგიის დერეფნის განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ტრანსსასაზღვრო ენერგოინფრასტრუქტურასა და რეგიონულ ვაჭრობას ელექტროენერგიით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ამ რესურსების ათვისება პრიორიტეტად რჩება.
„საქართველო აგრძელებს რეგიონულ და ტრანსატლანტიკურ ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აქტიურ და საიმედო პარტნიორობას. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო განავითაროს თავისი როლი, როგორც რეგიონულმა ენერგეტიკულმა და სატრანზიტო ჰაბმა და ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
P-TEC აშშ-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის წამყვან პლატფორმას წარმოადგენს. შეხვედრა ხელს უწყობს დიალოგსა და თანამშრომლობას რეგიონის ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და პარტნიორობის განვითარების მიმართულებით. წლევანდელ მინისტერიალში 25 ქვეყნის, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826