მარიამ ქვრივიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სატრანსპორტო ლოგისტიკურ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისსა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს საქართველოში ანდერს პეტერსონს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურის განვითარება და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამდენად, ისეთი პროექტების მშენებლობას, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის ხედვა ანაკლიის ნავსადგურის, მიმდებარე ტერიტორიისა და პორტთან მისასვლელი სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ. ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს რკინიგზის მიერ სავაგონე და სალოკომოტივო შემადგენლობის განახლებაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მოადგილე ეკა გუნცაძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და საქართველოს რკინიგზის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტიტვინიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.