მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
უწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია, რადგან ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.
„რამდენადაც ხელშესახებია ის შედეგები და სიკეთეები, რომლებიც „აწარმოე საქართველოში" ჩვენს ქვეყანას, მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტულ სექტორებს მოუტანა, იმდენად ინტენსიურად ვმუშაობდით ბოლო თვეების განმავლობაში, რათა სწორად დაგვენახა შემდგომი გაფართოებისა და მასშტაბირების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გვქონდეს მეტი ბერკეტი ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი მიმართულება: კორპორაცია სრულად კონცენტრირდება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა (მათ შორის სინდიცირებული სესხებისა და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების) და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არ იქნება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული ორგანიზაცია.
„ჩვენი დიდი სურვილია, გავზარდოთ მასშტაბები და გავაფართოოთ სერვისების კომპონენტი, რათა მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ეს დაგვეხმარება, უფრო მოკლე დროში დავინახოთ შედეგები ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენერგეტიკის სექტორი - ეს არის საპილოტე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სადაც კორპორაციის ჩართულობით, ობიექტურად, მართლაც ხელშესახებ შედეგებსა და ბევრად უფრო დიდ აქტივობას ველოდებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი გაბრიაძეს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის 2020 წლიდან იკავებდა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. ირაკლი გაბრიაძეს განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში - არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი და კიელის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიულთან ერთად, ის წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით l ირაკლი ნადარეიშვილი
18.06.2026.16:22
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ტრანსფორმაციის და მისი მანდატის გაზრდის თაობაზე, დაკავშირებულია სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ამოცანებთან, ასევე მთელ რიგ გამოწვევებთან - როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კორპორაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საუბრისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კორპორაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ტრანსფორმაციის შედეგად შეიქმნა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
„ეს არის 20,000 მხარდაჭერილი სამეწარმეო პროექტი, დაახლოებით 90,000 სამუშაო ადგილი, 8 მლრდ ლარამდე მხარდაჭერილი ინვესტიცია. კორპორაციასთან მიმართებაში ჩვენ ვსაუბრობთ მანდატის როგორც შინაარსობრივ, ისე დარგობრივ გაზრდაზე. ასევე მასშტაბის თვალსაზრისით, კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით, ახალი ფინანსური პროექტებით და ახალი მანდატით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მომავალი ათი წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიერ დაახლოებით 40 მლრდ ლარის საინვესტიციო და სამეწარმეო პროექტების მხარდაჭერა იგეგმება სხვადასხვა ინსტრუმენტებით.