მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, ურთიერთობების სამომავლო განვითარების პერსპექტივები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, დაკავშირებადობის გაძლიერება და სხვ.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით და საქართველოს მზაობაზე, მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადს აზიასა და ევროპას შორის. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე, განავითაროს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შუა დერეფანში. ხაზი გაესვა ისეთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა და ზოგადად, ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტსა და ზოგადად, ქვეყნის მწვანე ენერგეტიკის განვითარების შესახებ.
ხაზი გაესვა, რომ შუა დერეფანი არის და მომავალში დარჩება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტად.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი.
სხვა სიახლეები
დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ინგა ფხალაძე
17.09.2026.20:02
„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.
მისი განმარტებით, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია.
„დღევანდელი გენერაციის 80% მოდის ჰიდრორესურსებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც - ეს გახლავთ მზე და ქარი, როგორც პროცენტულად გადანაწილებული გვაქვს თანაბრად. თუმცა, არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი, რასაკვირველია, აჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე უფრო მეტი გენერაცია მოდიოდა ჰიდრორესურსებზე. დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში არა მარტო საინჟინრო მნიშვნელობით განისაზღვრება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება იმ ჰესებით, რომლებსაც აქვთ რეზერვუარები" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვინაიდან სეზონურად ქვეყნის ჰიდროგენერაციის 80% მომდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე მოდის, პიკური მოხმარების საათებში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი (დიდი) ჰესების არსებობა, რომლებიც სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
„იმისთვის, რომ პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილება უზრუნველვყოთ და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები. დიდი ჰესები უზრუნველყოფს იმას, რომ წყალუხვობისას რეზერვუარები ივსება, რაც შემდგომში პიკური მოხმარების დაბალანსების საშუალებას იძლევა ანუ ამ დროს იყენებ დაგროვილ ელექტროენერგიას და ამით იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებ" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.