მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა
მინისტრმა სტუმარს რეგიონში უნიკალური სასწავლო - შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს. ფორუმის თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.
ქუთაისის ტექნოჰაბში არსებული სასწავლო პროგრამების, ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობაზე პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გამართა. როგორც საუბრისას აღინიშნა, ქუთაისის ტექნოჰაბს გახსნიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ხაზი გაესვა, რომ ტექნოჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ის ქალაქში ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მათთან სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პირობები განიხილეს.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
03.11.2026.17:10
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9047 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9047 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.