მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. სომხეთის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფის დაწესდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და სომხეთი აქტიურად არიან ჩართული როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ინიციატივებში.
ქართულმა მხარემ სომეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა სრულად ამოქმედებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას, სომხეთიდან ტრანზიტული ტვირთების მიმოსვლას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რომლებიც აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და ხელს უწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო ავიაციის სფეროში. როგორც აღინიშნა, მხარეები მიესალმებიან პირდაპირი ფრენების შესრულებას არა მხოლოდ თბილისსა და ერევანს, არამედ ორი ქვეყნის სხვა ქალაქების მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ამ კუთხით.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სფეროში. საუბარი წარიმართა ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებითაც, რომელიც ხელს შეუწყობს გადაცემის გამტარუნარიანობის ზრდას, სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებას და ორმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას. ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთში საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
23.10.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9090 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9090 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.