მიხარია, რომ ენერგეტიკა სახელმწიფოსთვის არის პირველ ადგილზე - გიორგი მარგებაძე
დადგა დრო, როდესაც ენერგეტიკა სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა და განვითარების პირველ პლანზე წამოვიდა, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი იმას, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკის პრიორიტეტებში სწორედ ენერგეტიკა დასახელდა.
გიორგი მარგებაძის თქმით, ენერგეტიკის პრიორიტეტად გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა დარგის სწრაფი განვითარებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
„პირველ რიგში ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიხარია, რომ ჩვენ გაგვითენდა ის დღე, როცა ენერგეტიკა სახელმწიფოსთვის არის პირველ ადგილზე.
რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკის განვითარების ბანკს, როდესაც მოვისმინე წარმოებაზე იყო საუბარი, რომ ეს ბანკი წარმოებებს წაახალისებდა.
ელექტროენერგია წარმოება არის - ყველა პროდუქტში ეს იქნება კარტოფილის წარმოება თუ არაქისის კარაქის წარმოება, თუ სხვა - აბსოლუტურად ყველგან არის ელექტროენერგიის წილი. რაც შეეხება ბანკის მოქმედებას, როგორ უნდა იფუნქციონიროს - ვიცით რომ სამწუხაროდ კომერციული ბანკებში ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და საიდანაც ბიზნესი ფინანსდება, საპროცენტო განაკვეთი ორნიშნა რიცხვებშია- 10, 11, 11.5% არის საპროცენტო განაკვეთი, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სომხეთში 6-7%-ია სახელმწიფოს სუბსიდირებით და გვერდში დგომით.
სომხეთში მივიღეთ აბსოლუტურად ათვისებული მთლიანი ჰიდრორესურსი და მზის სადგურების თვალსაზრისით, რომ გადავხედოთ დაახლოებით 400 მეგავატამდე სადგურები აქვთ აშენებული. პატარ-პატარა ნეტოებზე არ ვსაუბრობ, ინდუსტრიულ დიდ სადგურებზე მაქვს საუბარი. შესაბამისად რაღაცა უნდა გავიაზროთ, უნდა მივხვდეთ რომ პრობლემა გვაქვს ხომ? ეს ბანკი - ასევე მოვისმინე, რომ სესხის ნაწილშიც ჩვეულებრივად ჩაერთვება.
უნდა იყოს დაბალი პროცენტები. ყველას ჰგონია რომ ჰიდროენერგეტიკით რაღაცა სასწაულ ფულს შოულობს ინვესტორი, რეალურად 7, 8 და 9 წლიან უკუგებაზე არის აქ საუბარი. გრძელვადიანი ბიზნეს მოდელი აქვს ჰიდროენერგეტიკას, მზის ენერგეტიკას და ქარსაც“, - განმარტავს გიორგი მარგებაძე.
მისივე თქმით, რთულია დააინტერესო ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც დეველოპმენტსა თუ ვაჭრობაშია ჩართული, ჩადოს ინვესტიცია პროექტში, რომლის უკუგების პერიოდი 10-12 წელია, მაშინ როდესაც საქართველოს რეალობაში ინვესტორთა უმეტესობა ორიენტირებულია მოკლევადიან, 1-2 წლიან მოგებაზე.
„ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უკუგების პერიოდი შემცირდეს, რათა დარგმა მეტი მიმზიდველობა შეიძინოს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება - ინვესტორის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიერთების პრობლემა. აბსოლუტურად ყველა რეგიონში, ეს იქნება სამცხე-ჯავახეთი რაჭა, გურია, ლეჩხუმი ზემო სვანეთი თუ ქვემო სვანეთი - ყველგან აბსოლუტურად ერთი და იგივე მიერთების პრობლემა არის.
ის 10 წლიანი გეგმა რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემას აქვს და უნდა მოხდეს ამ 10 წლიანი გეგმის შესრულება. ჩვენ დღეს ვიცით, რომ ელექტროსისტემას თანხები არა აქვს და არის დონორებზე დამოკიდებული - ეს იქნება EBRD, KFW თუ მსოფლიო ბანკი.
როდესაც ისინი სესხს გაძლევენ აქვთ თავიანთი სტანდარტები - მშენებელი უნდა იყოს კომპანია, რომელმაც ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე აქვს აშენებული გადამცემი ქსელები და ყოველთვის ძვირდება ეს პროცესი. აქედან გამომდინარე სსე-ს უნდა გაუჩნდეს საკუთარი სახსრები, რომ არ ელოდოს დავუშვათ 4 წელი პროექტირებას, შემდეგ ტენდერებს.
არაჩვეულებრივი საპროექტო ჯგუფები გვყავს. მათ შორის ელექტროსისტემას, არაჩვეულებრივი მშენებლები გვყავს. ელექტროხაზების მშენებლობას არაფერი არ უნდა რეალურად რა არის უმარტივესი საქმეა“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი
10.06.2026.20:33
„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.
„ჩინეთ-საქართველოს შორის იმდენად მზარდი მგზავრთნაკადია, რომ საქართველოს ბაზარზე 3 ჩინური ავიაკომპანია: China Eastern, China Southern და Air China - ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, Air China და China Southern ასრულებენ რეისებს ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით. 2025 წელს Air China-მ ურუმჩის გავლით პეკინის მიმართულება დაამატა. ასევე China Southern ივლისიდან ურუმჩის გავლით ამატებს პეკინის მიმართულებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ორი დედაქალაქი ერთმანეთს დაუკავშირდეს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, რომლის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე China Eastern შემოვიდა და 15 ივლისიდან შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებაზე ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
თამარ იოსელიანის განმარტებით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრად რჩება და ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში, მერვე პოზიციას იკავებს. მისივე თქმით, ვიზიტორთა მზარდი ნაკადისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მაისში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China ქართული პავილიონით მიიღო მონაწილეობა.
„2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი მგზავრთნაკადი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინური ბაზარი საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ჩვენც არ ვაკლებთ შესაბამის ძალისხმევას - მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები და ჩინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს და შესაბამისი მგზავრთნაკადი მივიღოთ" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დადებითი ტენდენციაა ჩინეთ-საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.
„ტვირთნაკადის მხრივ ზრდის კარგი ტენდენცია გვაქვს. უმნიშვნელოვანესია „შუა დერეფანი", სადაც ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ჩინეთიდან გადმოზიდული, ისე ჩინეთისკენ გაგზავნილი ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით. გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ როგორც საქართველოს რკინიგზასთან, ისე საქართველოს შესაბამის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი იმისათვის, რომ მოვემსახუროთ შუა დერეფანს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.