მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და 2026 წელს საშუალოდ 4.9% იქნება - სებ

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდა მეტწილად ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. აღნიშნული ინფლაციური წნეხი ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული და საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მაღალი მერყეობისა და მიწოდების შეფერხებების შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს უკეთ ასახავენ, ბოლო პერიოდში მცირედით დაჩქარდა. კერძოდ, მაისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.5 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთლიან ინფლაციას, თუმცა მათი დინამიკა მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკებს საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანი კორექცია მოხდა. აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ გაზრდილი ოპტიმიზმის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასები პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან თანხვედრაშია. კერძოდ, ცენტრალური სცენარი მოიაზრებდა, რომ ინფლაციაზე საგარეო შოკით გამოწვეული ზეწოლა ყველაზე ძლიერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იქნებოდა, რის შემდეგაც მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდებოდა. შესაბამისად, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და 2026 წელს საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერი ნარჩუნდება. 2026 წლის აპრილში ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ მაღალპროდუქტიულ სექტორებს შეაქვთ, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.

გლობალურად გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რომლის ძირითად წყაროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შემდგომი განვითარება, ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების დინამიკა და ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადები წარმოადგენს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.

მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გამწვავებას მოიაზრებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც ინფრასტუქტურის დამატებით დაზიანებასა და აღდგენის პერიოდის გადავადებას განაპირობებს. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება და მიწოდების ჯაჭვების რღვევა ფართომაშტაბიანი გახდება. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. დაბალინფლაციური რისკის სცენარი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდო შეთანხმების შედეგად, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დაუყოვნებლივ სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში ენერგორესურსების ფასებზე არსებული წნეხი სწრაფად შემცირდება, რაც ადგილობრივ ინფლაციაზეც აისახება. ამავდროულად, საქართველოს საგარეო პოზიცია კვლავ მყარ მდგომარეობას ინარჩუნებს. მიუხედავად ძლიერი საგარეო შოკისა, უცხოური ვალუტის შემოდინებები კვლავ ძლიერია და ქვეყნის სუვერენული რისკის პრემია დაბალ დონეზეა, რაც რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის სტაბილურობას განაპირობებს. ამასთან, გლობალურად აშშ დოლარის შედარებით სუსტი პოზიციის შენარჩუნებაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, იმპორტირებული საქონლის ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო დაბალი იქნება და შედეგად, მთლიანი ინფლაცია, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25 პროცენტზე შენარჩუნება. სებ აქტიურად განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 29 ივლისს გაიმართება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფისკალური პოლიტიკა კვლავ ზომიერი და დისციპლინირებული დარჩა - ADB

23.09.2026.11:11

ADB სექტემბრის განახლებულ პროგნოზებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ივლისის 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა.

,,საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო უზბეკეთის 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური შედეგების ფონზე, რასაც მდგრადი შიდა მოთხოვნა განაპირობებდა. სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის პროგნოზები უცვლელი დარჩა", - აღნიშნულია ანგარიშში. 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) შეფასებით, კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპები 2026 წლის პირველ ნახევარში ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. 

,,საქართველოს [ეკონომიკურმა შედეგებმა] მოლოდინებს გადააჭარბა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების სექტორის ძლიერმა აქტივობამ, მოხმარებამ და ექსპორტმა. ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და რეგიონული გავლენების შეზღუდული მასშტაბის გათვალისწინებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი 5.2%-ზე უცვლელი დარჩა.

სომხეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, რაც სუსტი მოთხოვნის ფონზე მოხდა. საჯარო ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების სექტორში აქტივობით მხარდაჭერილმა ძლიერმა მშენებლობამ და მრეწველობის აღდგენამ ნაწილობრივ დააკომპენსირა მომსახურების სექტორის ზრდის შენელება და სოფლის მეურნეობის შემცირება. პროგნოზები უცვლელი დარჩა 5.0% 2026 წლისთვის და 5.5% 2027 წლისთვის. ზრდას ხელს შეუწყობს შიდა მოთხოვნა, მშენებლობა, მომსახურების სექტორი და ტურიზმი.

ეკონომიკური ზრდის ყველაზე სუსტი მაჩვენებელი აზერბაიჯანში დაფიქსირდა, სადაც ეკონომიკაზე გავლენა იქონია ნახშირწყალბადების მოპოვების შემცირებამ და სამშენებლო აქტივობის შესუსტებამ. 2026 წლის ზრდის პროგნოზი 2.0%-დან 1.6%-მდე შემცირდა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი 1.8%-ზე შენარჩუნდა, რაც ეკონომიკის მოსალოდნელ აღდგენას ასახავს," - წერს აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ADB-ის შეფასებით, რეგიონში ფისკალური პოლიტიკა 2026 წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, ფრთხილი იყო, რასაც ხელი შეუწყო როგორც შემოსავლების ძლიერმა მაჩვენებლებმა, ისე ხარჯების მიზანმიმართულმა შეკავებამ.

,,თურქეთმა ბოლო წლების განმავლობაში ფისკალური კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა - ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.6%-მდე შემცირდა. სასაქონლო სექტორთან დაკავშირებული შემოსავლების ზრდამ სომხეთის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი, ხოლო საქართველოში ფისკალური პროფიციტის მიღწევას ხელი შეუწყო. აზერბაიჯანში ფისკალური პროფიციტი კაპიტალური ხარჯების შემცირების შედეგად დაფიქსირდა. თურქმენეთი და უზბეკეთი კვლავ მიზნად ისახავენ დაბალანსებულ ბიუჯეტებს ან შეზღუდულ დეფიციტს, მკაფიოდ განსაზღვრული საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოების ფარგლებში", - აღნიშნულია ანგარიშში.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს კონტექსტში უფრო დეტალურ ანალიზსაც წარმოადგენს და წერს, რომ ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში გარე შოკების მიუხედავად მდგრადობა შეინარჩუნა.

,,საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში გარე შოკების მიუხედავად მდგრადობა შეინარჩუნა. ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო და 7.9% შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 8.3%-ის შემდეგ. მიწოდების მხარეს, პირველი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, რომელმაც 13.9%-ით მოიმატა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უცვლელი მაჩვენებელი შეინარჩუნა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურებები მნიშვნელოვნად გაიზარდა 36.0%-ით, ხოლო ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ზრდა 8.4%-დან 18.0%-მდე გაორმაგებულზე მეტად დაჩქარდა. მოთხოვნის მხარეს, კერძო მოხმარების ზრდა 3.9%-დან 8.0%-მდე დაჩქარდა, რასაც საბანკო დაკრედიტების მდგრადი ზრდა უჭერდა მხარს. ფისკალური პოლიტიკა კვლავ ფრთხილი იყო 2026 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში პროფიციტი დაფიქსირდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე დეფიციტი იყო. სახელმწიფო მოხმარების ზრდა მკვეთრად შენელდა და 21.5%-დან 1.8%-მდეშემცირდა, ხოლო საჯარო ინვესტიციების განხორციელების შედარებით ნელმა ტემპმა შიდა მოთხოვნა დამატებით შეზღუდა. ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირების ზრდა 11.8%-დან 2.1%-მდე შენელდა. საგარეო მოთხოვნა გაძლიერდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა, 2025 წლის 5.2%-თან შედარებით, მაშინ როდესაც იმპორტის ზრდა მკვეთრად შენელდა და 11.8%-დან 2.3%-მდე შემცირდა. ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლებისა და რეგიონული დაძაბულობის გაძლიერებით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შეზღუდული მასშტაბის გათვალისწინებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა", - აღნიშნულია ანგარიშში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა