მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა - შეირჩა გამარჯვებული კომპანია Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის ყველაზე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა.
მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია - მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობას, იზრდება ფრენების რაოდენობაც და, შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მესტიაში აშენდეს აეროპორტის ახალი ტერმინალი.
მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.
ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826