მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიული პარამეტრები განისაზღვრება
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს.
ცვლილებების პროექტი მოიცავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრებს, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად არის მნიშვნელოვანი.
კერძოდ, 2030 წლის 31 დეკემბრისთვის მიღწეული უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
კანონპროექტის მიზანია ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული პარამეტრების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებ დამოკიდებულებას და ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ასევე, უზრუნველყოფს ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობას და სახელმწიფო ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826