Microsoft-ის შემოერთება მყარი მტკიცებულებაა, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის საინტერესოა - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელში გაწევრიანების შედეგად, ქართულ სტარტაპებს Microsoft Azure-ისა და ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე 200 000 დოლარამდე კრედიტების მიღება შეეძლებათ, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა სტარტაპებს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, ღრუბლოვანი სერვისებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, რაც პროდუქტების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გაამარტივებს.
„პირველ რიგში, ეს პროექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები საქართველოთი რეალურად ინტერესდებიან. ადრე ეს თითქოს შეუძლებელი ჩანდა, რადგან პატარა გეოგრაფიული ფართობის, მცირე მოსახლეობისა და არცთუ სინგაპურის დონის ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ. ყოველთვის არსებობდა სკეპტიციზმი, რომ მსგავსი კომპანიები ჩვენით არ დაინტერესდებოდნენ, თუმცა სწორი მუშაობითა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებით დავამტკიცეთ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ამ ინოვაციურ ეკოსისტემაში Microsoft-ის შემოერთებაც სწორედ იმის მყარი მტკიცებულებაა, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის საინტერესოა.
რას სთავაზობს ეს პარტნიორობა ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს? ნებისმიერ სტარტაპს, რომელსაც ჩვენ Microsoft-ს წარვუდგენთ, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, ავტომატურად გადაეცემა 200 000 დოლარამდე ღირებულების კრედიტი Azure-ის Cloud-სისტემებსა და Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე წვდომისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს ტექნოლოგიური რესურსი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტოკენები, მათ შეუძლიათ სრულად გამოიყენონ აპლიკაციების შესაქმნელად, საკუთარი პროდუქტის განსავითარებლად თუ გაყიდვების გასაზრდელად. ხაზგასასმელია, რომ 200 000 დოლარი არის ლიმიტი თითოეული სტარტაპისთვის და არა ჯამურად მთელი საქართველოსთვის.
ეს არის სრულიად უფასო რესურსი. წარმოიდგინეთ, ადრე სტარტაპს სერვერების შესაძენად ინვესტორთან 200 000 დოლარის თხოვნა უწევდა - ახლა კი ეს უზარმაზარი ხარჯი ქართული კომპანიებისთვის სრულად მოიხსნა. გარდა ამისა, მათ ეძლევათ უფასო წვდომა Microsoft-ისა და ინვესტორების გლობალურ ნეთვორქზე (საკონტაქტო ქსელზე), ასევე LinkedIn-ის პრემიუმ ვერსიებზე. ეს ყველაფერი ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომია მანამ, სანამ აღნიშნულ 200 000-დოლარიან კრედიტს სრულად არ აითვისებენ. შესაბამისად, ეს ჩვენი ტექნოლოგიური სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ის მიიჩნევს, რომ Microsoft-ის გადაწყვეტილება, GITA ინვესტორთა ქსელში ჩართოს, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართ კომპანიის მზარდ ნდობას ასახავს. მისი თქმით, Microsoft-მა საქართველოში ისეთი სტარტაპების განვითარების პოტენციალი დაინახა, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზრებზე მასშტაბირებასა და მრავალმილიონიანი ტექნოლოგიური პროექტების შექმნას შეძლებენ.
სხვა სიახლეები
საავიაციო სექტორში გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, უზრუნველყოფილი იქნა $150 მილიონის ინვესტიციის მოზიდვა, 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა - პრემიერი
26.06.2026.13:44
საავიაციო სექტორშიც გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგა 720 000 ლარი.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და ADP-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი. უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად ოთხჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები. აქაც მადლობა ეკონომიკის სამინისტროს იმისათვის, რომ ძალიან ეფექტიანად წარიმართა მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
ქუთაისის აეროპორტში დაინერგა საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა და მგზავრის გატარების დრო შემცირდა სამჯერ. ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-დან 82-მდე, 20 ახალი ავიაკომპანია დაემატა ქვეყანას, ვინც ოპერირებს საქართველოში. ავიამიმართულებების რაოდენობა გაიზარდა 109-დან 125-მდე. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევის შედეგი, მათ შორის დაგვემატა პეკინის, შანხაის, ლონდონის, ჟენევის მიმართულებები, მთელი რიგი სხვა მიმართულებები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავია მიმართულებების დამატების მიზნით.
სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 54%-ით გასული წლის განმავლობაში. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით. ჩვენმა აეროპორტებმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 8.5 მილიონი მგზავრი გაატარა. რეისების რაოდენობა გაიზარდა 17.5%-ით. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.