მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-ზე შენარჩუნება უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა - ლაშა ქავთარაძე
მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.0%-ზე შენარჩუნება უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა - ასე აფასებს Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას.
“სებ-ი მიუთითებს გეოპოლიტიკურ რისკებზე, თუმცა თუ სწორედ ამ რისკების პრევენციაა მიზნად დასახული, 25 საბაზისო პუნქტიანი ზრდა სიმბოლური ხასიათისაა და ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს” - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკა ისედაც მკაცრი იყო. Galt & Taggart-ის შეფასებით, ნეიტრალური მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.85%-ია, ხოლო გაზრდამდე არსებული განაკვეთი (8.0%) მას 115 საბაზისო პუნქტით აღემატებოდა. მიმდინარე ინფლაცია მოთხოვნის ზრდით არ არის განპირობებული - მისი მიზნობრივი დონიდან გადახრა ერთჯერადი და მიწოდების მხარის ფაქტორების შედეგია. შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა ინფლაციის შემცირებაზე სასურველ გავლენას ვერ მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილის 5.9%-იანი მთლიანი ინფლაციიდან დაახლოებით 2.3 პროცენტული პუნქტი ერთჯერად და მიწოდების მხარის ფაქტორებზე მოდის: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა (გავლენა 0.5 პროცენტული პუნქტი), საწვავის გაძვირება (გავლენა 0.8 პროცენტული პუნქტი) და მათი არაპირდაპირი ეფექტები (გავლენა 1 პროცენტული პუნქტი). საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის შოკების განეიტრალების ეფექტური ინსტრუმენტი არ არის.
ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს მოკლევადიანი შოკების მიმართ მგრძნობიარე კატეგორიებს, 2026 წლის აპრილში 3.2%-ს შეადგენს და მიზნობრივ 3.0%-თან ახლოსაა. შედარებისთვის, 2021 წლის მარტში, როდესაც სებ-მა გამკაცრების ციკლი დაიწყო, საბაზო ინფლაცია 6.6% იყო.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის დონეზე იქნება, იმ დაშვებით, რომ ნავთობის ფასების ნორმალიზება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.