მიხარია, რომ ვართ იმ წარმატების ნაწილი, რომელსაც თავად ეს ბიზნესები ქმნიან - თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლომჯარია განცხადებით, მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიების მონიტორინგს აქტიურად აგრძელებს. მისი თქმით, უკვე შემოწმებულია ბენეფიციართა ნახევარზე მეტი და შეფასება აჩვენებს, რომ ახალი დანადგარები და ტექნოლოგიები წარმოების ხარისხის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.
„პირადად ვგეგმავ, რომ ყველა იმ ობიექტთან მივიდეთ, რომელიც ჩვენი პროგრამით დაფინანსდა. პირველ ეტაპზე მონიტორინგის ფარგლებში მათ ნახევარზე მეტი უკვე მოვინახულეთ. მონიტორინგის პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია ა მოიცავს როგორც წერილობით ანგარიშგებას (3, 6 ან 12-თვიან პერიოდებზე), ისე ბიზნესების ადგილზე შემოწმებას. ეს გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ, ერთი მხრივ, ყველაფერმა სწორად მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, დანადგარები გამართულად მუშაობს და, მეორე მხრივ, პროექტს ნამდვილად აქვს დადებითი გავლენა წარმოების პროცესზე. ამას გარდა, ჩვენ გვინდა შევაფასოთ, რამდენად სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, ვიდრე ეს პირველადი მოკვლევისას დანადგარების, აღჭურვილობისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით დადგინდა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მონიტორინგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონტროლისთვის, არამედ თავად პროგრამის მუდმივი გაუმჯობესებისთვის.
მოხარულები ვართ იმ შედეგების ხილვით, რომლებსაც პროგრამა უკვე იძლევა. საუბარია წარმოებაში დანაკარგების შემცირებაზე, სამუშაოს უფრო მოკლე დროში და მაღალი ხარისხით შესრულებაზე. იქნება ეს ხისა და ლითონის ნაკეთობების უფრო გლუვი დამუშავება, უკეთესად შესრულებული ტყავის ნაწარმი თუ სხვა მიმართულებები - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე. ასევე, თავის მხრივ, ზრდის დასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკურად აძლიერებს თბილისს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ იმ წარმატების ნაწილი, რომელსაც თავად ეს ბიზნესები ქმნიან“, - აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური უფროსი.
სხვა სიახლეები
აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი წელს 7.1%-მდე შემცირდა, ეს წარმოუდგენლად კარგი შედეგია - ვახტანგ ლომჯარია
28.05.2026.15:15
ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის შემცირებას საკმაოდ მაღალი ტემპი ახასიათებს, - აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი განმარტებით, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი წელს 7.1%-მდე შემცირდა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
„მოხარულები ვართ იმ შედეგებით, რაც ამ კვლევამ აჩვენა. ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის შემცირებას საკმაოდ მაღალი ტემპი ახასიათებს. გასულ წელს, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი პირველად ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს და 9.4% შეადგინა, წელს კი ეს ციფრი უკვე 7.1%-მდე შემცირდა. ეს წარმოუდგენლად კარგი შედეგია, თუ გავიხსენებთ, რომ მაგალითად, 2007 წლის ეკონომიკური ბუმის დროს - 2008 წლის კრიზისის დაწყებამდე - აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 38.8% ცხოვრობდა.
ამის შემდეგ მაჩვენებელმა ნელ-ნელა კლება დაიწყო, თუმცა 2010 წელსაც კი ეს ციფრი 37%-ზე მაღალი იყო. ბოლო ორი წელია, ამ მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. თუმცა, ამავდროულად, რეალობას ღრმა ანალიზი სჭირდება. წარმატებების შეფასებისას ყოველთვის ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის ზღვარს მიღმა ჯერ კიდევ ბევრი - 250-დან 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი თბილისზე მოდის. აუცილებელია იმის მოკვლევა, თუ რატომ ვერ ისარგებლეს ამ ადამიანებმა იმ სიკეთეებით, რაც ქვეყანაში მრავალწლიანი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში გვაქვს.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ეს კონკურენციის საკითხი იყო, პოლიტიკის გარკვეული ჩავარდნა თუ დამატებითი ინსტრუმენტების საჭიროება. ამ თვალსაზრისით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას როგორც აკადემიურ და კვლევით, ისე დისკუსიის დონეზე. ეს ეხება საფინანსო ინსტიტუტებსაც, მთელი რიგი რეფორმების, მათ შორის სატრანსპორტო რეფორმისა და სხვა სფეროების დაფინანსების კუთხით. ჩვენ ყოველთვის ღია და მოხარული ვართ მსგავსი პარტნიორობისთვის, ისევე როგორც მდგრადი განვითარების საკითხებზე მსჯელობისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ლომჯარიამ.