მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში l ირაკლი კობახიძე
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას.
2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის $751 მლნ ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს $372 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო
10.06.2026.14:36
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
„აღნიშნული თანხა ნაწილია პროექტისა, რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი აშშ დოლარის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონი აშშ დოლარის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
ხელმოწერის ცერემონიას ქართული მხრიდან დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შესაბამის საპროექტო შეთანხმებას სს „საქართველოს რკინიგზასა“ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოაწერეს სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით.
აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე, მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.