მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს, გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნა - დავით წითლიძე
მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს, გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნა, რაც თავისთავად უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ დღეს პარლამენტში, აგრარულ კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ერთიანი აგრარული პოლიტიკის გათვალისწინებით, ყველა ევროპულ სახელმწიფოში არის გადამხდელი სააგენტო, რომელიც ახორციელებს პირდაპირ გადახდებს და სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირებას.
„ჩვენი ევროინტეგრაციის შემდეგ, ასეთად მოაზრებულია სოფლის განვითარების სააგენტო. ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-ის დახმარებით, 2020 წელს შეიქმნა სამუშაო უწყებრივი ჯგუფი. რომელიც ახორციელებს კოორდინაციას და ეს პროცესი დაწყებულია. აქ რამდენიმე კომპონენტია - ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა და სხვა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია და გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით შესრულებულია. გვაქვს გამოწვევები, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს და ამას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა დავით წითლიძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826