მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება - მარიამ ქვრივიშვილი
„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს.
„სწორედ ამიტომ ჩვენთვის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომია ის, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს ვქმნით ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა უკვე საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა,საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა. ეს დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც, ეკონომიკური ზრდა 7,4% შეადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და კერძო სექტორის ზრდის აქტივობა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად საქართველომ მდგრადი და სტაბილური განვითარება შეძლო.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გვაქვს. მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება და მათ შორის რეკორდული მაჩვენებლების მიღწევა მიმდინარე წელს. განსაკუთრებით საამაყოა რეკორდული მაჩვენებლები ექსპორტის სექტორში - საქონლის ექსპორტი მიმდინარე წელს უკვე 18%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 60%-ს გადააჭარბა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
სხვა სიახლეები
დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება - ირაკლი კობახიძე
16.11.2026.12:07
ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი.
„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით. დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ამ სფეროში, ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, 2029 წლისთვის უკვე დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ასევე, აეროპორტებთან მიმართებაში, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები, თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები. ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ თემას", - განაცხადა პრემიერმა.