მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება - ირაკლი კობახიძე
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ.
„ითქვა, რომ მიწებს ვყიდით უცხოელებზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. ცხადდება ყველაფერთან დაკავშირებით ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს ამ მიწების გასხვისებას უცხოელებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826