მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული - ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალი პროექტის "Do IT with the EU" გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა - პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი მიზანი ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და IT სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე GITA-ს წარმატებულმა სტარტაპებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.
ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და ქვეყანაში ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარებაზე, ინოვაციებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ საქართველოში ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარება, ეს სექტორი ამ პერიოდიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაფუძნდა.
„სააგენტოს მეშვეობით ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ეკოსისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განვითარდა და სულ სხვა ბიძგი მიეცა, რაც ეკონომიკაშიც აისახა რიცხვებში. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სააგენტოს, მის გუნდს და ყველა იმ პარტნიორს, ვინც ამ წლების განმავლობაში ახდენდა ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, მათ შორის, პროექტის მონაწილეებს. ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკა სწორედ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„Do IT with the EU" პროექტის მიზანია საქართველოს IT სექტორში ინოვაციისა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობა - მის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა - კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, 1000 IT სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატისმოპოვების საშუალება ექნება, 300 IT-ის კი დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, რათა კონკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო ბაზარზე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე სიახლეები და ვაკანსიები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დაანონსებულ პროგრამებს, შეხვედროდნენ საერთაშორისო IT კომპანიის წარმომადგენლებს და მეტი ინფორმაცია მიეღოთ სფეროში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826