მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება წყალმომარაგებაში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან თბილისში, მცხეთასა და რუსთავში - ლევან ჟორჟოლიანი
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა წყლის დანაკარგების შემცირების მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წყლის რესურსების სწორად მართვისთვის შესაბამისი უწყებების მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება წყალმომარაგებაში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას რეგიონებში საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ადეკვატური სერვისებისა და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ბიზნესისთვის“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
ფორუმში, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მოდერატორობდა, ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
სწორად დაგეგმილი კერძო-საჯარო თანამშრომლობა ხელს უწყობს ქალაქის მდგრად განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის უკეთესი მუნიციპალური მომსახურების მიწოდებას - ზურაბ აბაშიძე
14.07.2026.01:50
თბილისში საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დისკუსია „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები‘‘ გაიმართა.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის‘‘ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი, GGU ჯგუფის და ჯივიპის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ფორუმზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა, თვითმმართველობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს თვითმმართველობები მაღალი რეიტინგის, ნდობით აღჭურვილი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციებია, რომლებიც საზოგადოებასთან ძალიან ახლოს დგას.
„დიახ, ჩვენ, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, მოსახლეობის ინტერესების და ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით ვამტკიცებთ ბიუჯეტს და ქალაქის განვითარების გეგმებს. თბილისის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და დღევანდელი მდგომარეობით 2 მლრდ. 600 მლნ. ლარს აჭარბებს (ზუსტად: 2 მლრდ. 636 მლნ. 851 571 ლარს შეადგენს)“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, დღეს ინტენსიური მუშაობა მიდის ისეთი მიმართულებებით, როგორებიც არის: ტრანსპორტი, ეკოლოგია და ურბანული განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა, განათლება, კულტურა. ცხადია, მიზანი განვითარების ამ დაჩქარებული ტემპების პირობებში მნიშვნელოვანი პროექტების დროულად, საიმედოდ და სათანადო ხარისხით შესრულებაა.
„ჩვენი ბიუჯეტის პრიორიტეტთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური მიმართულებაა და ამის დასტურია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ რეაბილიტირებულ სკვერსა და სივრცეს ვხედავთ ჩვენს დედაქალაქში. სახეზეა უამრავი ქუჩა თუ გამზირი, რომელთა რეაბილიტაცია ბოლო ხუთი თუ ათი წლის განმავლობაში მოხდა. მერწმუნეთ, ეს სამუშაო ძალიან შრომატევადია.
ამ პირობებში კი ძლიერი კერძო პარტნიორობა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. კერძო პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მუნიციპალურ რესურსებთან ერთად მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო გამოცდილება. თუმცა კერძო სექტორთან თანამშრომლობის პირობებში ჩვენ აუცილებლად გვიწევს დავაბალანსოთ კერძო და საჯარო ინტერესები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კერძო სექტორისთვის თანამშრომლობა უნდა იყოს საინტერესო და მიმზიდველი და უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს, რომლებიც ქალაქს და მოსახლეობას აქვს.
სწორად დაგეგმილი კერძო-საჯარო თანამშრომლობა ხელს უწყობს ქალაქის მდგრად განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის უკეთესი მუნიციპალური მომსახურების მიწოდებას. ჩვენ ამ თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესებს“, - განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აბაშიძემ.
მონაწილეებმა დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში; ასევე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.