მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტში - სამინისტრო
2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილის), გადამუშავებული კაკლოვანი ხილის და თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლის) ექსპორტში.
კარტოფილის ექსპორტის ღირებულება 18.5 მლნ დოლარით (44-ჯერ) გაიზარდა და 18.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
კაკლოვანი ხილის ექსპორტი 10.6 მლნ აშშ დოლარით (42%-ით) გაიზარდა და 35.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც ექსპორტირებულია 19.0 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, მას მოსდევს თურქეთი, 1.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტით.
გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტმა 9.5 მლნ აშშ დოლარით (97%-ით) მოიმატა და 19.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
თესლოვანი ხილის ექსპორტი 5.4 მლნ აშშ დოლარით (5.4-ჯერ) გაიზარდა და 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებში შედის სპირტიანი სასმელები - 68.8 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები - 64.1 მლნ აშშ დოლარი, კაკლოვანი ხილი - 35.8 მლნ აშშ დოლარი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - 19.3 მლნ აშშ დოლარი და კარტოფილი - 18.9 მლნ აშშ დოლარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826