მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ მათგან, რაც შეუქცევადი პროცესია - გოგიტა თოდრაძე საქსტატის საერთაშორისო თანამშრომლობაზე
მოსახლეობის აღწერა, მიგრაციის მეთოდოლოგია და ბიზნეს რეგისტრები, - ეს ის საკითხებია, რომელზეც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გაეროს სტატისტიკის კომისიის წლიურ შეხვედრაზ ისაუბრა. როგორც გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, შეხვედრაში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.
„გაეროს სტატისტიკის კომისიის შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება, რომელშიც მონაწილეობს 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკის სფეროში უმაღლესი დონის სამთავრობოთაშორისი ფორმატი. განიხილება სტატისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხები და ეს გახლავთ კომისია, რომელიც ამტკიცებს საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს და, რა თქმა უნდა, ქვეყნებსაც აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა სახის განცხადებების გაკეთების შესახებ.
ჩემი გამოსვლები, რამოდენიმე გამოსვლა მქონდა, ძირითადად ეძღვნებოდა ჩვენს მიერ გასული წლის განმავლობაში ჩატარებულ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ასევე სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებას, მათ შორის მიგრაციის მეთოდოლოგიის საკითხებს. მქონდა ასევე გამოსვლა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა გენდერული სტატისტიკა, ბიზნეს სტატისტიკა, ბიზნეს რეგისტრები და ყველა ის საერთაშორისო საკითხი დავფარეთ პრაქტიკულად, რაც ჩვენი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უწყებას აქვს წარმატებული თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფორუმებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებთან. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაფორმდა მემორანდუმები უნგრეთთან.
„ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან კარგი, პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სახის ფორუმებთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებთან და მათ შორის გარკვეულ ნაწილთან ბოლო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გავაფორმეთ და იგეგმება კიდევ მემორანდუმის გაფორმება სხვადასხვა განვითარებული სტატისტიკის სისტემის მქონე ქვეყნებთან.
გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ფინეთის, გერმანიის, იტალიის სტატისტიკის სამსახურებთან, ასევე მოგეხსენებათ უნგრეთთან გავაფორმეთ ნიუ-იორკში ჩემი ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ვგეგმავთ მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უახლოესი პერიოდის განმავლობაში სერბეთთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათთვისაც მნიშვნელოვანია ეს რასაკვირველია და ვისწავლოთ კიდევ მათგან, რაც შეუქცევადი პროცესია და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს“, - განმარტავს გოგიტა თოდრაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826