მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი l თამარ იოსელიანი
დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვიმყოფებოდით როტერდამის ნავსადგურში, სადაც გავეცანით როგორც აღნიშნული პორტის ოპერირებას, ასევე მულტიმოდალურ ტერმინალს, სადაც ბევრი ტიპის ტვირთების გადმოტვირთვა და ჩატვირთვა ხდება. გავეცანით, თუ როგორ ოპერირებს აღნიშნული ტერმინალები, როგორია მათი ეფექტიანობა, რა სისტემებია დანერგილი. დღეის მდგომარეობით ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე. გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბაზრის და ქვეყნების სავაჭრო ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.