მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება - ეკატერინე მიქაბაძე
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტას“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია უერთდება , როგორიც „ლოპოტაა“.
„2025 წელი საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ რეკორდული აქტივობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მაღალი აქტივობა გაგრძელდა 2026 წელსაც: დღევანდელი მდგომარეობით, „ლოპოტას“ ემისიების ჩათვლით, შვიდმა ემიტენტმა ბაზარზე ცამეტი საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განათავსა, რომელთა ჯამური ღირებულება 570 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს დაახლოებით 80%-ით აღემატება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ სიტყვით გამოსვლისას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826