მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონს თელასის ინფრასტრუქტურა ტექნიკურად გამართული შეხვდეს - რომეო მიქაუტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სს „თელასის" განახლებულ ქვესადგურს ეწვია და კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია როგორც უკვე გაწეული, ისე თბილისის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაობის შესახებ. ქვესადგურ „სანაპირო"-ში რეაბილიტაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ ენერგეტიკულ კვანძში მომხმარებელთა რაოდენობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ქალაქის სხვა საკვანძო სადგურებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვესადგურებში ჩატარებული რეკონსტრუქცია „თელასს" საშუალებას აძლევს, სრულად და ეფექტურად გაანაწილოს გაზრდილი სიმძლავრე, გარდა ამისა, მიმდინარეობს ასევე მუშაობა ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დედაქალაქის უწყვეტ ენერგომომარაგებას.
„კომპანია „თელასის" ინფრასტრუქტურით ხორციელდება დაახლოებით 750,000 აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგება. როგორც ამ, ისე სხვა ქვესადგურებში კომპანიამ ჩაატარა მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, როგორც საბურთალოს, ისე ქალაქის სხვა უბნების მოსახლეობას ექნება უფრო სტაბილური ენერგომომარაგება. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის როგორც არსებული ინფრასტრუქტურა იყო ტექნიკურად გამართული, ასევე კომპანია მზად იყოს, ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის გამოწვევისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ „თელასში" ამ მხრივაც მომზადებული არიან," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ქვესადგურ „საბურთალოს", აღნიშნულ კვანძში სისტემატიურად მზარდი მოხმარების გამო, 2017 და 2021 წლებში გაიზარდა ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატამდე. შედეგად, იმ დროისთვის არსებული ორი 16-მგვტ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის ნაცვლად, ორი ახალი 25-მგვტ-ის სიმძლავრის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის საბურთალოს რაიონების ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდა, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826