მოიჯარეებისთვის სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის ვადა 2024 წლის 24 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდება
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შედის „მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში“ და იჯარის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (სახნავი/სათიბი) გამოსასყიდად, განცხადების წარდგენის ვადა ხანგრძლივდება 2024 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 17,589,058 ლარის ღირებულების, 988,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 245 ერთეული მიწის ნაკვეთი გამოისყიდეს.
პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით ხორციელდება, ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების (რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები) მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას, რაც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობის განვითარებას და მათი შემოსავლების ზრდას.
„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 75%-ის გადახდის საფუძველზე“, - განმარტავენ უწყებაში.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826