მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის l მარიამ ქვრივიშვილი
„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება
„დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
09.09.2026.19:37
„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში" საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და 2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„2012 წელს ჩვენ თუ გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს უკვე გვყავს 21 000 მეზღვაური, რაც ნათლად აჩვენებს ინტერესის ზრდის ტენდენციას . წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კონტინგენტის მიღება გავაორმაგეთ. წინა წელს თუ ჩვენ ვიღებდით 450 სტუდენტს, წელს უკვე 900-მდე სტუდენტის მიღების საშუალება გვქონდა. ამასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად შევძლებთ უმაღლესი მიმართულებით სტუდენტების მიღებას. იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ როგორც სწავლის ხარისხი, ასევე დავნერგოთ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ძალიან კვალიფიციური კადრები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.