მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს მიერ დაფინანსებული კომპანიები რამდენიმე წელში გასცდებიან ნახევარმილიონიან ბრუნვას - ვახტანგ ლომჯარია
თბილისის მერიის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთები მიიღება 1 ივნისის ჩათვლით გრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ბაზარზე მინიმუმ 2 წელი ოპერირებენ.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარია განაცხადა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღება შეეძლებათ, რაც ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს.
„გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროგრამა. მართალია, თავიდანვე შეგვეძლო 50 000-დოლარიანი სუბსიდირებით დაწყება, თუმცა ვამჯობინეთ, ჯერ დაკვირვება თუ როგორ იმუშავებდა პროექტი 20 000 ლარამდე შეზღუდვის პირობებში. კერძოდ, 5 000 ლარამდე ღირებულების აღჭურვილობის ან დანადგარების შემთხვევაში, შესყიდვას თითქმის სრულად - 90%-ით ვაფინანსებდით, ხოლო 20 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 85%-ით.
ამ შემთხვევაში, რაც უფრო იზრდება დაფინანსების მოცულობა, ბუნებრივია, მით მეტია ბიზნესის მხრიდან თანამონაწილეობის მოთხოვნა. როდესაც საუბარია 50 000 ლარზე, აქ უკვე 70%-იან თანადაფინანსებას ჩვენ უზრუნველყოფთ, ხოლო 30% თავად ბიზნესმა უნდა დააფინანსოს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ნედლეულისა თუ შუალედური პროდუქტების შემდგომი გადამუშავება და ისეთი დამატებული ღირებულების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე დასაქმების ზრდასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას. კრიტერიუმებზე დამატებითი განმარტებისთვის აღვნიშნავ, რომ ვგულისხმობთ როგორც თბილისისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სექტორებს, ისე თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ და მცირე ბიზნესისთვის აქტუალურ დარგებს. დიდი ინტერესით ველოდებით მათ განაცხადებს. მთავარი პირობაა, რომ დაფინანსების მაძიებელი ორგანიზაციები ბაზარზე მინიმუმ ორი წლის დაფუძნებული უნდა იყვნენ.
ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ მილიონ ლარს, თუმცა, ამავდროულად, არც ძალიან დაბალი უნდა იყოს. ჩვენი მიზანია, პროგრამაში მონაწილეობდნენ სიცოცხლისუნარიანი, ძლიერი და გამოცდილი კომპანიები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ მხარდაჭერა. პირიქით, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენ მიერ დაფინანსებული კომპანიები რამდენიმე წელში გასცდებიან ნახევარმილიონიან ბრუნვას და დახმარება აღარ დასჭირდებათ. თუმცა, მათთვის, ვინც წარსულში უკვე მიიღო დაფინანსება, მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავუმართოთ ხელი და განვიხილოთ მათი საინტერესო შემოთავაზებები. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროექტი ბუნებრივად შეავსებს და გააძლიერებს იმ საწარმოო ხაზს, რომელიც მათ ჩვენი დახმარებით თუ მანამდე საკუთარი სახსრებით ჰქონდათ შექმნილი“, - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია. მისი თქმით, მერიაში უკვე ბევრი ზარი და განაცხადი შედის, ხოლო კომპანიებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა 1 ივნისამდე შეუძლიათ.
ვახტანგ ლომჯარია განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, გასულ წელს მერიაში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა, დაფინანსება კი 43-მა ბიზნესმა მიიღო, რის შემდეგაც საპილოტე ინიციატივა სრულმასშტაბიან პროექტად გადაიქცა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მონიტორინგი მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონტროლისთვის, არამედ თავად პროგრამის მუდმივი გაუმჯობესებისთვის - ვახტანგ ლომჯარია
28.05.2026.13:15
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლომჯარია განცხადებით, მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიების მონიტორინგს აქტიურად აგრძელებს. მისი თქმით, უკვე შემოწმებულია ბენეფიციართა ნახევარზე მეტი და შეფასება აჩვენებს, რომ ახალი დანადგარები და ტექნოლოგიები წარმოების ხარისხის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.
„პირადად ვგეგმავ, რომ ყველა იმ ობიექტთან მივიდეთ, რომელიც ჩვენი პროგრამით დაფინანსდა. პირველ ეტაპზე მონიტორინგის ფარგლებში მათ ნახევარზე მეტი უკვე მოვინახულეთ. მონიტორინგის პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია ა მოიცავს როგორც წერილობით ანგარიშგებას (3, 6 ან 12-თვიან პერიოდებზე), ისე ბიზნესების ადგილზე შემოწმებას. ეს გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ, ერთი მხრივ, ყველაფერმა სწორად მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, დანადგარები გამართულად მუშაობს და, მეორე მხრივ, პროექტს ნამდვილად აქვს დადებითი გავლენა წარმოების პროცესზე. ამას გარდა, ჩვენ გვინდა შევაფასოთ, რამდენად სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, ვიდრე ეს პირველადი მოკვლევისას დანადგარების, აღჭურვილობისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით დადგინდა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მონიტორინგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონტროლისთვის, არამედ თავად პროგრამის მუდმივი გაუმჯობესებისთვის.
მოხარულები ვართ იმ შედეგების ხილვით, რომლებსაც პროგრამა უკვე იძლევა. საუბარია წარმოებაში დანაკარგების შემცირებაზე, სამუშაოს უფრო მოკლე დროში და მაღალი ხარისხით შესრულებაზე. იქნება ეს ხისა და ლითონის ნაკეთობების უფრო გლუვი დამუშავება, უკეთესად შესრულებული ტყავის ნაწარმი თუ სხვა მიმართულებები - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე. ასევე, თავის მხრივ, ზრდის დასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკურად აძლიერებს თბილისს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ იმ წარმატების ნაწილი, რომელსაც თავად ეს ბიზნესები ქმნიან“, - აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური უფროსი.