მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიებთან, რომ შიდა ფრენების რაოდენობა გაორმაგდეს - ლევან მოსეშვილი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტენსიურად მუშაობს, რათა შიდა ფრენები გაძლიერდეს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან, რათა შიდა ფრენები გაორმაგდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაღალმთიანი რეგიონები დავუკავშიროთ ჩვენს დიდ ქალაქებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარეობს შიდა ფრენების ხელშეწყობა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიებთან, რომ ფრენების რაოდენობა გაორმაგდეს, თუნდაც ბათუმის მიმართულებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ ქვეყნის შიგნით აეროპორტები რაც გაქვს, შიდა აეროპორტებს შორის ფრენები გავაძლიეროთ, გავაორმაგოთ რათა საშუალება ჰქონდეთ ტურისტულ მიმართულებებს გაძლიერდნენ. ახალი ნაკადები მივიღოთ და ახალ ნაკადებს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826