მომხმარებელი სულ უფრო მეტად აცნობიერებს დაზღვევის საჭიროებას - დავით ონოფრიშვილი
სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებით აქტუალურია საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის, რადგან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მსგავსი პოლისი სავალდებულოა ან პრაქტიკულად აუცილებელი. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები თანდათან აცნობიერებენ, რომ მცირე ღირებულების მიუხედავად, სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.
ონოფრიშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინიციატივები, რომლებიც საქართველოში შემოსულ ტურისტებსაც უბიძგებს მსგავსი დაზღვევის ქონას. ამის მიზანი ის არის, რომ უცხოელი ვიზიტორების სამედიცინო მომსახურების ხარჯები სრულად ჯანდაცვის სისტემაზე არ გადავიდეს, ხოლო თავად ტურისტებიც შესაძლო რისკებისგან დაცულნი იყვნენ.
„სამოგზაურო დაზღვევის ვალდებულება ჩვენთან ცალმხრივად არსებობდა - გარეთ ვინც გადიოდა ტურისტები - ევროკავშირი სავალდებულოდ ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატებში და ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა,
ზოგან არ არის სავალდებულო, მაგრამ თვითონ ადამიანიც უკვე ხვდებიან, რომ საზღვარგარეთ რომ მიდიხარ ჯობია სამოგზაურო დაზღვევას ჰქონდეს. უცბად რომ რაღაც შემთხვევა დაგემართოს, მსუბუქი თუ სერიოზული, შენ იქ დაცული იყო, იმიტომ რომ არავინ იქ სერიოზულად არ მოგხედავს თუ არა გაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. და ეს საზღვარგარეთ წასულებმა უფრო იციან და ხშირად არავის არ ეკითხებათ საზღვარზე, მაგრამ რომ ჰკითხონ და არა ჰქონდეს შემოგაბრუნებენ უკან, ამიტომ უმეტესობას განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში ვინც მიდის იმათ აქვთ. სხვა ქვეყნებში ტურისტული სააგენტოები სამოგზაურო დაზღვევას, როგორც წესი, სავალდებულოდ ხდიან, რადგან ჯგუფური ტურების მართვისას რისკების დაზღვევა აუცილებელია. თუ გადავხედავთ მოგზაურობის ხარჯებს, დაზღვევის წილი მასში უმნიშვნელოა. მაგალითად, 10-დღიანი ტურის ფარგლებში, როდესაც სასტუმროს ღირებულება საშუალოდ 80-100 ევროა, რასაც ემატება კვებისა და ავიაბილეთების ხარჯები, სამოგზაურო დაზღვევა დღეში, საშუალოდ, მხოლოდ 2 ლარი ჯდება. ეს არის მინიმალური თანხა იმ უსაფრთხოებისთვის, რომელსაც დაზღვევა მოგზაურს სთავაზობს. მე მგონი ამაზე არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა გააკეთო.
მომხმარებელი სულ უფრო მეტად აცნობიერებს დაზღვევის საჭიროებას. მიმდინარე წელს ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იმ საკითხისა, რომელიც საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს ეხება. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან - ევროპიდან, ამერიკიდან თუ კანადიდან - ჩამოსული სტუმრები, როგორც წესი, ისედაც სარგებლობენ სამოგზაურო დაზღვევით, რადგან მათთვის ეს სტანდარტული პრაქტიკაა.
არსებობენ ე.წ. მესამე ქვეყნები, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელთა მოქალაქეებსაც ხშირად არ ჰქონდათ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა. შესაბამისად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, სამედიცინო მომსახურების ხარჯების გაღება ჩვენს ჯანდაცვის სექტორს უწევდა, რადგან ამ თანხების ანაზღაურება ვერ ხერხდებოდა. ამის შედეგად გარკვეული ზრდა უკვე არის იანვარში. გააქტიურდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ტურისტული კომპანიები. ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზარზე თანაბარი პირობების შექმნაა. რეალურად, ამ ნაბიჯმა დამატებითი ბიძგი მისცა სფეროს განვითარებას. უცხოელი ვიზიტორების უმეტესობამ უკვე იცის დაზღვევის აუცილებლობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც სასარგებლოა“, - აცხადებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
Georgia Capital-ის მიერ ,,გორმედის“ შეძენით ჯგუფის სამედიცინო ქსელს 80,000 პაციენტი დაემატა - დეტალები
24.04.2026.22:02
2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის: კერძო პორტფელის კომპანიებში აგრეგირებულმა EBITDA-მ 19.3%-ით მოიმატა; ჩვენი და პორტფელის კომპანია Lion Finance Group გამოირჩეოდა ბალანსის ძლიერი ზრდით და 28.4%-იანი ROAE-ით, რამაც წლის განმავლობაში მისი აქციის ფასის 97.5%-იანი ზრდა განაპირობა - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
,,ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გაურკვევლობებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მზარდი გლობალური რისკები, რომლებთანაც ყველა მენეჯმენტის გუნდს უწევს ადაპტაცია. აღნიშნული გამოწვევებისა და გაურკვევლობების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მაქსიმალურად კონსერვატიულ მართვას. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები და ლიდერული გუნდები სწორედ გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას. ჩვენი გუნდების მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის პირველ თვეებში ნაჩვენები ხარისხი და ერთგულება ამ პრინციპის ნათელი დადასტურებაა”, - ამბობს ირაკლი გილაური.
Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის მიერ Gormed-ის შეძენასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
,,ძლიერი ოპერაციული შედეგების პარალელურად, ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - გრაფიკზე ადრე დაასრულა 2024 წლის მაისში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა. ამან დირექტორთა საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის აგვისტოში დაეწყო დამატებითი 700 მილიონი ლარის პროგრამა. წყლის მომარაგების ბიზნესში ფუთ ოპციონის გამოყენებამ და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის მიერ Gormed LLC-ის (ცენტრალურ საქართველოში სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელი) შეძენამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი შედეგები. ეს წარმატებები კვლავ ეფუძნებოდა ჩვენს სამ ძირითად საყრდენს: ძლიერ კორპორაციულ მართვას, მენეჯმენტთან ხელმისაწვდომობას და კაპიტალზე წვდომას. საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელის შეძენით, დაახლოებით 80,000 პაციენტი დაემატა ჩვენს რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს. Gormed-ის ინტეგრაცია გააძლიერებს შემოსავლების ზრდას, უზრუნველყოფს ეფექტიანობის ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული ლევერიჯის მეშვეობით.
ჩვენი მსხვილი პორტფელის თითოეულ ბიზნესში უკვე სტაბილურად ვიღებთ ორნიშნა სამართლიანი ღირებულების ზრდას, თანაც ვინარჩუნებთ მეწარმეობრივ დისციპლინას და არ ვიღებთ ზედმეტ ოპერაციულ ან საბალანსო რისკებს. ჩვენი მიზანია კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული სტრატეგიის განხორციელება, კონსერვატიული ბალანსებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციებით შედარებით დაცულ სექტორებში.
ჩვენი საბაზრო პოზიციები Lion Finance Group-ს 41.0%-იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე საქართველოში; საცალო (აფთიაქების) ბიზნესის 34%-იანი წილი; სადაზღვევო ბიზნესის 34% P&C და 33% სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე; და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის 15%-ზე მეტი წილი საავადმყოფო საწოლებში საქართველო-ში - გვაძლევს ძლიერ პოზიციონირებას და უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და მიმზიდველ, სტაბილურ შემოსავლებს.
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო-მ 2025 წელს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური იმპულსი, რაც ემყარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მყარ ზრდას, რომლის განმავლობაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ პრაქტიკულად გაორმაგდა. საკრედიტო გაფართოება დარჩა ჯანსაღ დონეზე.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.