მომხმარებლის სასარგებლოდ რომელ კომპანიებთან გააფორმა GCCA-მ პირობითი ვალდებულების შესახებ შეთანხმება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების შესახებ შეთანხმება გააფორმა შუალედური მომსახურების მიმწოდებელ შემდეგ კომპანიებთან: Glovo, Wolt, Extra.ge, Vendoo.ge, Profy.ge, tkt.ge და biletebi.ge. აღნიშნულ პლატფორმებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაევალათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკის კანონთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა.
GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საქართველომ სამართლებრივი რეგულირების და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებას, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ხელშეწყობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ციფრული ბაზარი დღითიდღე ფართოვდება და ელექტრონულმა კომერციამ ვაჭრობა კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა. მომხმარებლებისთვის მოვაჭრესთან წვდომის დიაპაზონი გაიზარდა და ონლაინ მოვაჭრეებს საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზების შესაძლებლობა დროში შეუზღუდავად გაუჩნდათ. შესაბამისად, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის შესანარჩუნებლად, საჭირო გახდა პროცესების რეგულირება. შედეგად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ვაჭრობის სექტორში, მომხმარებლის/მომსახურების მიმღების, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარის დაცვას ეფექტიანად უზრუნველყოფს. შესაბამისად, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიმართოს და საკუთარი უფლებები დაიცვას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტრონული კომერციით სარგებლობა საქართველოში დღითიდღე მზარდია, ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს სააგენტოში მომხმარებელთა მომართვიანობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებების 70% სწორედ ონლაინ ვაჭრობას ეხება.
ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის ფაქტის შესახებ GCCA_ის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპელი ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით, ორი წლის განმავლობაში, 70%-დან 85% მდე გაიზარდა.
თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლება ირღვევა შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge გამოაგზავნოთ. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826