მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი, 8.25%-ის დონეზე შენარჩუნდება - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას - ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტი მიმდინარე ეკონომიკურ ანალიზსა და სამომავლო ტენდენციებზე პროგნოზებს აერთაინებს.
,,საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის მაისში წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინს შეესაბამებოდა. ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 7.0%-ის დონეზე. 2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აპრილში 5.9% იყო. შემცირება ძირითადად სურსათის ფასების ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა. თუმცა, ეს ნაწილობრივ გაანეიტრალა ენერგომატარებლების ფასების შემდგომმა ზრდამ: ბენზინის ფასი წლიურად 26.3%-ით, ხოლო დიზელის ფასი 48.0%-ით გაიზარდა. ამ ორმა კომპონენტმა ერთად საერთო ინფლაციას დაახლოებით 1.3 პროცენტული პუნქტით შეუწყო ხელი. ვინაიდან ნავთობის მსოფლიო ფასები კონფლიქტის ესკალაციამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა, 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზს 4.8%-ის დონეზე ვინარჩუნებთ”, - წერს Galt & Taggart-ი.
პუბლიკაციაში მონეტარული პოლიტიკის პროგნოზიცაა განხილული, სადაც Galt & Taggart-ი აღნიშნავს, მათი პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი, 8.25%-ის დონეზე შენარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებულ პუბლიკაციაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 4.9 მილიარდ აშშ დოლარის დონეზე უცვლელად შენარჩუნდა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
06.10.2026.19:29
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.