მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება 8.25%-ზე შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს - „თიბისი კაპიტალის“ უფროსი მაკროეკონომისტი
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება 8.25%-ზე შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა მაკროეკონომისტმა, ნიკა ზურაბიშვილმა განუცხადა.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება 8.25%-ზე შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს. ჩვენი პროგნოზითაც მოსალოდნელი იყო, რომ უცვლელი დარჩებოდა განაკვეთი და ველოდებით, რომ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც უცვლელი იქნება და დეკემბრისთვისაც 8.25% იქნება.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გაზრდა ან შემცირება გამორიცხულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, სიტუაცია ძალიან სწრაფად ცვალებადია და არასტაბილური. ახლა, ამჟამად, ვიტყოდით, რომ სავარაუდოდ უფრო მაღალინფლაციური სცენარისკენ უფრო მეტად არის გადახრილი რისკები, თუმცა მაინც ეს რისკები შედარებით დაბალია, ვიდრე საბაზრო სცენარი რომ მივიღოთ მხედველობაში.
8.5%-ზე გაზრდაც, ჩვენი აზრით, შესაძლებელია სექტემბრის სხდომაზე, იმის მიხედვით, თუ რა გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნება რეგიონში. პირველ რიგში, როგორი იქნება სასაქონლო პროდუქციის ფასები გლობალურ ბირჟებზე, რადგან, ჩვენი შეფასებით, მიმდინარე მდგომარეობით საქართველოში ინფლაციის ფორმირებისთვის ორი მთავარი ფაქტორია: ეს არის საკვებზე ფასები და ეს არის საწვავზე ფასები. ორივე ამ ფაქტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოხდება გლობალურ ბაზრებზე, რადგან გადმოცემის მექანიზმი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით საწვავის შემთხვევაში.
შესაბამისად, თუ დაიძაბა სიტუაცია, დამატებით ვიხილეთ ესკალაცია და კვლავ გაიზარდა ფასები, შესაძლებელია მაღალინფლაციური სცენარის რისკებიც გაიზარდოს და ეროვნულმა ბანკმა გაზარდოს განაკვეთი.
თუმცა, როგორც აღვნიშნე, საბოლოო სცენარი ჩვენი არის, რომ ინფლაცია დეკემბრის თვისთვის 6% იქნება. წლის ბოლოს მნიშვნელოვან აჩქარებას არ ველოდებით. ეს მოიაზრებს ნავთობის ფასს დაახლოებით 80-85$-ის ფარგლებში, ჩვენი დაშვებით. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 88-89$-ად ივაჭრება. გარკვეულ დეესკალაციას მაინც ველოდებით და, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება, პოლიტიკის განაკვეთი წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაშიც უცვლელი დარჩეს“,- აცხადებს ნიკა ზურაბიშვილი.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
06.10.2026.19:29
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.