მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის არგუმენტები რა თქმა უნდა ძალიან ძლიერია - თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი
ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით ფასების ზრდა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი , - აღნიშნულის შესახებ, Business Insider Georgia-ს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შეფასებისას თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა.
„როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, საბოლოო სცენარი ითვალისწინებს გარკვეულ პერიოდში ესკალაციის შემცირებას, თუმცა ასეც თუ მოხდა ფასებზე ზეგავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც იქნება გაზრდილი”, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
მისი შეფასებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის მიმართულებით არსებული აგუმენტები საკმაოდ ძლიერია.
„ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 8%-ზე შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა ზრდის არგუმენტები რა თქმა უნდა ძალიან ძლიერია. ეს ზომიერი ზრდა არის, მცირე მასშტაბით მოხდა აწევა განაკვეთის. ძალიან მნიშვნელოვანია რაც პრეს-რელიზშია აღნიშნული რომ სებ-ისთვის ინფლაცია არის პრიორიტეტი და გაზრდილ ინფლაციაზე ცენტრალური ბანკი რეაგირებს, რაც რა თქმა უნდა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა.
სხვა სიახლეები
ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის - შოთა ბერეკაშვილი
06.10.2026.20:36
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში - „500 Georgia, L.P." მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ფონდმა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 33% - ხელოვნური ინტელექტის, 22% - პროგრამული უზრუნველყოფის, დაახლოებით 45% - სხვა ინდუსტრიების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანა ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. მისი თქმით, „500 Georgia, L.P." დახურული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ვადა აქვს - 10 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფონდი თვითლიკვიდაციას განახორციელებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ფონდის ჯამური სამიზნე ზომა 20 მილიონი დოლარია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა ფონდის ჯამური კაპიტალის 40%-ს არ აღემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფონდი არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. წარმატებული პროექტების განხორციელება საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდების განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას", – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.