მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა
მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გადაუსწრო მსოფლიო დონეს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს.
მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.
მიღწევა საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო ზოგად მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ- საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს. ირკვევა, რომ ბოლოს, მსოფლიო დონეს საქართველო საბჭოთა კავშირის დროს 1990 წელს უსწრებდა, როცა ქვეყნის ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 5840 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდა, მსოფლიო მაჩვენებელი კი 5%-ით ნაკლები, 5541 დოლარი იყო.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და ერთ სულზე მუდმივად ჩამორჩებოდა, როგორც მსოფლიო დონეს, ისე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველოს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 9960 დოლარი იყო, მსოფლიო მაჩვენებელი მას 41%-ით აღემატებოდა; 2013 წელს მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს, 2023 წელი კი საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა _ საქართველომ 185 დოლარით გადაუსწრო მსოფლიო დონეს, 225 დოლარით გადააჭარბა მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს და ახალი ისტორიული მაქსიმუმი, ერთ სულზე 23 040 დოლარი დააფიქსირა. ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826