მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება - TBC Capital

news image
mbc image

სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია.

სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება - რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს - ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული იმპორტი დამატებით საექსპორტო შემოსავალს დიდწილად აბალანსებს. ამავე დროს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და, გარკვეულწილად, სურსათის მაღალი ფასები იმპორტულ ინფლაციაში აისახება, ლარის გამყარების მიუხედავად.

უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორის გამოშვება მიმდინარე ფასებში წლიურად 11.5%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ასრულებდა, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობაზე მოდიოდა (4.8 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი - ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი). საპირისპიროდ, შემცირდა გამოშვება მშენებლობის სექტორში, რაც ძირითადად საავტომობილო გზების სამუშაოების კლებას უკავშირდება.

თავად მრეწველობის ზრდის 90%-ზე მეტი ნავთობპროდუქტებისა და ძირითადი ლითონების (ძირითადად, ფეროშენადნობები) წარმოებაზე, აგრეთვე ლითონის მადნების მოპოვებაზე (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი) მოდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტების წარმოება, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის 81 მილიონი ლარიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. მსგავსი სურათი იკვეთება საგარეო ვაჭრობის მონაცემებშიც: აღნიშნული პროდუქტების წილი საქონლის ექსპორტში იანვარ-ივლისში, წინა წლის 12%-დან, 29%-მდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება წლიურად თითქმის გასამმაგებულია.

თუმცა, სასაქონლო პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა უფრო ზომიერია. პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა. ამის მიზეზი წარმოების თავისებურებაა: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური, მათ შორის იმპორტირებული, ნედლეულისა და სხვა მასალების შეძენას ხმარდება. შედეგად, დიდი მოცულობის გამოშვება იმავე მასშტაბის დამატებული ღირებულების შექმნას არ ნიშნავს. ამასთან, ზრდის ნაწილი ფასების მატების ეფექტს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი სურათი შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც, რომლის ეკონომიკური ზრდის დეტალური მონაცემები მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტის ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად დააბალანსა ავტომობილების რეექსპორტის კლება. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. კერძოდ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სასაქონლო ფასების მატებამ იანვარ-ივლისის სავაჭრო ბალანსი, დაახლოებით, 10-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე გააუმჯობესა, თუმცა შედეგები ძალზე მგრძნობიარეა ალტერნატიულ სცენარში გამოყენებული საფასო დაშვებების მიმართ.

ამავდროულად,  სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს. მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა. დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კვლავ გააქტიურებული შესყიდვებიც. ამ ფონზე, აგვისტოს ბოლოს სებ-ის მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს. აგვისტოს მატების ნაწილი მონეტარული ოქროს გაძვირებამ განაპირობა, თუმცა წლის დასაწყისიდან რეზერვების ზრდა უმთავრესად სებ-ის სავალუტო შესყიდვებს უკავშირდება.

რასაკვირველია, აღსანიშნავია სასაქონლო ფასების მატების ეფექტი ინფლაციაზეც. თებერვლის შემდეგ იმპორტის ფასები ექსპორტის ფასებზე მცირედით სწრაფად გაიზარდა, რაც, ლარის გამყარების მიუხედავად, იმპორტული ინფლაციის აჩქარებაშიც აისახა. აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. საწვავის გაძვირების ფონზე, ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ წლიური ინფლაციის ზრდა მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, რაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე შეზღუდულ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებზე მიუთითებდეს. იმპორტირებული ინფლაციის მთავარი წყარო, თავის მხრივ, ბენზინი და დიზელია, ხოლო შედარებით ნაკლებია სურსათის წვლილი.

9 სექტემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუმცა, როგორც  წინა მიმოხილვაშიც აღინიშნა, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც საკმაოდ ძლიერია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი - იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება. ამ ფონზე, საბაზო სცენარი ლარის გაცვლით კურსს კვლავ არსებულ ნიშნულთან ახლოს მოიაზრებს. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქტებს, საგარეო ვითარების დამატებითი მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის, რაც საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007702-macro-update-georgia 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე - შოთა ბერეკაშვილი

21.11.2026.10:46

თბილისმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემატურ პანელზე, რომელიც სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხს დაეთმო, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხედვაზე ისაუბრა სასურსათო ბაზრებზე ფასებსა და ზოგად გამოწვევებთან დაკავშირებით.

„მომხმარებლის დაცვისა და სამომხმარებლო ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებაა და არა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება. ამ მიმართულებით გადამწყვეტია შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა: ჯანსაღი კონკურენცია, პროცესების სისწრაფე, გამჭვირვალობა და მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ყოველდღიურად დაბალი ფასების (Everyday Low Price) და მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელები.

„კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემუშავებული ელექტრონული პლატფორმის ფარგლებში, 23 საბაზისო პროდუქტზე ფასების შემცირების მექანიზმი ამოქმედდა. სავაჭრო ქსელებს მიეცათ შესაძლებლობა, 23 პროდუქტზე სხვადასხვა ბრენდის როტაციის გზით, მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ხელსაყრელი ფასი და ხარისხიანი პროდუქტი. აღნიშნული მიდგომის შედეგად, საბაზისო პროდუქტებზე ფასები დამატებით, საშუალოდ, 14%-ით შემცირდა. სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის გაფართოება და პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში დისტრიბუციის ფრაგმენტული სტრუქტურაა, რაც მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობაზე აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციას და გავაძლიეროთ პირდაპირი კავშირები მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის - იქნება ეს იმპორტიორი თუ ადგილობრივი მწარმოებელი. საოპერაციო ხარჯების შემცირება, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საბოლოო ფასების ოპტიმიზაციაზეც დადებითად აისახება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და ვაჭრობის ეტაპებზე, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

რაც შეეხება საშუალოვადიან ნაბიჯებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რომელიც სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობებს უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს გახდის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა მათ მკაფიო და გასაგები პირობები, შემცირებული საოპერაციო დანახარჯები და გასაღების ბაზრებზე პირდაპირი წვდომის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, 22 ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა