მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება - საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime
საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.
„მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას, მიიღოს დიდი ზომის საკონტეინერო გემები და შექმნის დამატებით სიმძლავრეებს მშრალი და ნაყარი ტვირთებისათვის. Jan De Nul-ში აღნიშნავენ, რომ პორტი წაახალისებს შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვების გავლით გადის და რუსეთის ჩრდილოეთ მარშრუტისა თუ სუეცის არხის სამხრეთ მარშრუტის ალტერნატივად განიხილება“, - აღნიშნულია სტატიაში.
Baird Maritime-ის ცნობით, Jan De Nul-ის Tristão da Cunha და Al-Idrisi შესასვლელ არხს 17,5 მეტრამდე აღრმავებენ, რაც პორტს საშუალებას მისცემს, დიდი ზომის Panamax-ისა და Post-Panamax-ის ტიპის გემები მიიღოს.
სამუშაოები ასევე მოიცავს მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობას, რაც ამ დიდ ხომალდებს პორტის აკვატორიაში უსაფრთხო მანევრირებისთვის საკმარის სივრცეს მისცემს.
ადგილობრივ კომპანია Prime Concrete-თან ერთობლივი საწარმოს (Joint Venture) ფარგლებში, Jan De Nul პორტში 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხელს ააშენებს.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.