მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება - TBC Capital
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება
ეკონომიკური ზრდა აგვისტოში 6.3%-მდე შენელდა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელმა 7.6% შეადგინა, რაც 2026 წელს თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი ზრდის საბაზო სცენართან თანხვედრაშია. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები სექტემბერში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: რეალური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებით მცირედით მაღალია, როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, სექტემბრის ბოლოს გარკვეულწილად ნორმალიზების მიუხედავად.
სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.
სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.
საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.
აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.
თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.
აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia
სხვა სიახლეები
2025 წელს ფონდმა „500 Georgia, L.P.“ $ 1.8 მილიონის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა | ირაკლი ნადარეიშვილი
06.10.2026.19:41
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში - „500 Georgia, L.P." მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ფონდმა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 33% - ხელოვნური ინტელექტის, 22% - პროგრამული უზრუნველყოფის, დაახლოებით 45% - სხვა ინდუსტრიების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანა ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. მისი თქმით, „500 Georgia, L.P." დახურული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ვადა აქვს - 10 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფონდი თვითლიკვიდაციას განახორციელებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ფონდის ჯამური სამიზნე ზომა 20 მილიონი დოლარია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა ფონდის ჯამური კაპიტალის 40%-ს არ აღემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფონდი არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. წარმატებული პროექტების განხორციელება საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდების განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას", – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.