მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას - ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს, ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია l პრემიერი
ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.
„ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს - ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება.
ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, გისურვოთ წარმატებები,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით, ხედვით და სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში - მარიამ ქვრივიშვილი
25.06.2026.15:16
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებს და სტრატეგიას შეეხო, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან დიალოგს და კომუნიკაციას, ამდენად, ეკონომიკის სამინისტრო ხშირად აორგანიზებს ასეთი ფორმის შეხვედრებს. ვისაუბრეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და, ფაქტობრივად, იმ ისტორიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს რკინიგზაში ვახორციელებთ, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, სახმელეთო ტრანსპორტისა და საავიაციო ტრანსპორტის მიმართულებების განვითარებაზე" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მხარეებმა ისაუბრეს როგორც სახელწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენი საერთო ძალისხმევით, ხედვით და საერთო სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიზრდება ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რათა გეგმის მიხედვით, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემი მივიღოთ" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კერძო სექტორთან შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.