მსოფლიო ბანკის 7 წლიანი მდგრადი განვითარების ობლიგაციამ ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დააფიქსირა
მსოფლიო ბანკმა (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი IBRD, რეიტინგი Aaa/AAA) 4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ბენჩმარკ-ობლიგაციის ემისიის ფასი განსაზღვრა, რომლის დაფარვის ვადა 2033 წლის აგვისტოთი განისაზღვრა.
ტრანზაქციამ 150-ზე მეტი ინვესტორისგან 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის განაცხადები მოიზიდა. მოთხოვნას ძირითადად ბანკების სახაზინო დეპარტამენტები, ცენტრალური ბანკები და ოფიციალური ინსტიტუტები, ასევე აქტივების მმართველი კომპანიები ქმნიდნენ.
ემისიის წამყვანი მენეჯერები არიან Bank of America, Morgan Stanley, Nomura და TD Securities. ობლიგაცია ითვალისწინებს 4.50%-იან ნახევარწლიურ კუპონს და აშშ-ის შესაბამის სახაზინო ობლიგაციასთან შედარებით 3.9 საბაზისო პუნქტის სპრედს. ობლიგაცია ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე იქნება ლისტინგში.
მსოფლიო ბანკი (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი — IBRD), რომელსაც Moody’s-ისა და S&P-ის Aaa/AAA რეიტინგები აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი 1944 წელს დაარსდა, არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის თავდაპირველი წევრი და მოქმედებს, როგორც გლობალური განვითარების კოოპერატიული ინსტიტუტი, რომლის მფლობელები 189 ქვეყანა არიან.
მსოფლიო ბანკი საშუალოშემოსავლიან და სხვა კრედიტუნარიან ქვეყნებს სთავაზობს სესხებს, გარანტიებს, რისკების მართვის პროდუქტებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. მისი მისიაა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა და საერთო კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა საცხოვრებლად ვარგის პლანეტაზე. ბანკი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს განვითარების გამოწვევებზე რეგიონული და გლობალური რეაგირების კოორდინაციაში.
მსოფლიო ბანკი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოსცემს ობლიგაციებს, რათა დააფინანსოს პროგრამები და საქმიანობა, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს განვითარებაზე.
მსოფლიო ბანკის ობლიგაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მდგრადი ობლიგაციების სახელმძღვანელო პრინციპებთან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826