მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,9%-მდე გაზარდა
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია წარმოდგენილი.
ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირდა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდა.
ამასთან, 2022 წელს საქართველო და სომხეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უკვე მეორედ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ.
ამგარიშის თანახმად, საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.
ამასთან, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ბოლოს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, სავაჭრო პარტნიორებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირების ფონზე.
კერძოდ, რუსეთ უკრაინის ომის ფონზე, მოსალოდნელია, საქართველოში ფულადი ნაკადების შემცირება, რასაც გაცვლით კურსზე ექნება გავლენა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება.
იგივე თემაზე:
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826