მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.
ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს, რადგან ამ ინიციატივის მიზანია:
- ენერგოუსაფრთხოების ამაღლება
- ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და
- ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. ESPIRE პროგრამის დანიშნულებაა BSSC პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა.
ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით.
BSSC შექმნის შესაძლებლობების მთელ რიგს საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, ესენია:
- ელექტროენერგიის ექსპორტი;
- სუფთა ენერგეტიკის განვითარება მასთან დაკავშირებული სარგებლით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
- ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა პირდაპირი კავშირებით ევროპის მსხვილ ელექტრობაზართან;
- ციფრული კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და შედეგად, ინტერნეტკავშირის ხარჯების შემცირება, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და რეზერვის შექმნა საერთაშორისო ციფრული კავშირისთვის შავი ზღვის გასწვრივ;
- ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით და ამით ეკონომიკური მდგრადობის გამყარება მონაწილე ქვეყნებს შორის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფს უნიკალური პოზიცია უკავია თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილებით, ფინანსური რესურსებითა და ორგანიზაციული პოტენციალით, რათა პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მთავრობებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან, პოტენციურად ტრანსფორმაციული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ხელშესაწყობად.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826