მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მყიფეა ტრადიციული მარშრუტები, გაჩნდა მოთხოვნა ახალ, სანდო და პროგნოზირებად დერეფნებზე, საქართველო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს სანდო პარტნიორი - მარიამ ქვრივიშვილი
„დღეს საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება სახელმწიფოდ, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანადაც უკავშირდებიან" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თუმცა მისი ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის შეგნებული არჩევანია. მისივე შეფასებით, ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში რკინიგზა არის ის ხერხემალი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მომავალი, რეგიონული როლი და გლობალური ინტეგრაცია დგას.
„ბოლო წლებში მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ტრადიციული მარშრუტები. გაიზარდა რისკები და გაჩნდა მოთხოვნა ახალ, სანდო და პროგნოზირებად დერეფნებზე. სწორედ ამიტომ შუა დერეფანი გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაა საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი არა შემთხვევითი, არამედ ლოგიკური შედეგი, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს სანდო პარტნიორი, რაც ქვეყნისთვის არამხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობა, არამედ სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ერთობლივი ძალისხმევით შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ პერსპექტივა, არამედ ის ხდება რეალური და სულ უფრო კონკურენტუნარიანი ალტერნატივა გლობალურ ვაჭრობაში", - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826