მთავარი მიზანი იყო, რომ საინვესტიციოდ საინტერესო გამხდარიყო ჩვენი ქალაქი და მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები - რუსთავის მერი
რუსთავი ბოლო წლებში ახალი ბიზნესებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება და ქალაქში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, თუ 2021 წელს ქალაქში განხორციელებული ინვესტიციები დაახლოებით 116 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024-2025 წლებში ეს მაჩვენებელი 230 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი სამშენებლო სექტორს უჭირავს.
„მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის, რომ ცოტა კიდევ სხვა რაკურსით შეგვიძლია ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ მაყურებელს. ზოგადად მგონია, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა, იმიტომ რომ იმის გარდა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის ჭრილში განიხილება ხოლმე დღეს მუნიციპალიტეტების საქმიანობა, რას ემსახურება და რა გავლენას ახდენს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მიზნები აბსოლუტურად სხვა გვაქვს. პირველი მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქალაქი ინდუსტრიული ქალაქი, ალბათ ჰაბი ერთ-ერთი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონული ეკონომიკური განვითარების ნაწილში, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ხდება ახალი ბიზნესისთვის.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალური მიზნები, იმის გარდა, რომ კომფორტული ყოფილიყო ქალაქში ცხოვრება, თვითმყოფადი ყოფილიყო ქალაქი ყველა იმ სერვისით, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდებოდა, მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, ბოლო არის ის, რომ ადამიანს სჭირდება სამუშაო ადგილი, სჭირდება ძლიერი ეკონომიკური სტაბილური გარემო და ამ ყველაფერს ქმნის ახალი ინვესტიცია. და ახალი ინვესტიცია ინტერესდება იქ, სადაც გარემოა კარგი და ოთხი წლის განმავლობაში თუკი რამ პროექტი განვახორციელეთ, აი მთავარი მიზნის გარდა, რომ კარგი გარემო შეგვექმნა, იყო, რომ საინვესტიციოდ საინტერესო გამხდარიყო ჩვენი ქალაქი და მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები. და თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს ინვესტიციების. თუ ავიღებთ, რომ 2021 წელს დაახლოებით 116 მილიონი ლარი თუ იყო ინვესტიციის კუთხით, 2024-25 წლები 230 მილიონ ლარზეა ასული ინვესტიცია. დიდი წილი ბოლო პერიოდში უკვე უკავია სამშენებლო სექტორს, იმიტომ რომ სამშენებლო სექტორი საკმაოდ დაინტერესებულია“, - განმარტავს ნინო ლაცაბიძე.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა, რომ რუსთავში მზარდ საინვესტიციო ინტერესთან ერთად, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, მუნიციპალიტეტი ურბანული განვითარების სწორ ბალანსზე აკეთებს აქცენტს. ქალაქის მერის განცხადებით, ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილებსა და საბინაო ფონდის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილმა სამშენებლო აქტივობამ ქალაქის ურბანული იერსახე არ დააზიანოს და განვითარება ჰარმონიულად გაგრძელდეს.
„ახალი ინვესტიციები, განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით, აუცილებელია, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქმნის უკეთეს გარემოს, საბინაო ფონდი მატულობს, თუმცა ამასთან ერთად სიფრთხილე მუნიციპალიტეტს ნამდვილად მართებს, რომ სწორი ურბანული განვითარება მოხდეს და მომატებულმა სამშენებლო ინტერესმა არ დააზიანოს ქალაქის ურბანული იერსახე. სწორედ ამ პოლიტიკის დაბალანსებაში ვართ, რომ შევუწყოთ ხელი ინვესტიციებს, მათთვის საუკეთესო გარემო იყოს და ამასთან ერთად გავითვალისწინოთ ქალაქის ურბანული სწორი განვითარება, რომ ჰარმონიულად მოხდეს ინვესტიციების შემოსვლა ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს ქალაქ რუსთავის მერი.
სხვა სიახლეები
წლიდან წლამდე მწვანე ენერგიის წილი ჩვენი ენერგიის წარმოებაში იზრდება - დავით ნარმანია
06.11.2026.18:27
წლიდან წლამდე მწვანე ენერგიის წილი ჩვენი ენერგიის წარმოებაში იზრდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში, თუ რამე შენდება და შედის ექსპლუატაციაში საქართველოში, ეს არის მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროები. უკვე მერამდენე წელია, არაგანახლებადი ენერგიის წყარო ექსპლუატაციაში არ შესულა. ძირითადად, აქამდე მცირე და საშუალო ჰესები შენდებოდა და შედიოდა ექსპლუატაციაში, ახლა კი ბოლო პერიოდში უფრო წინ წამოვიდა ქარის სადგურები და მზის სადგურები.
ერთ ქარის სადგურზე ჩვენ უკვე გავეცით რამდენიმე თვის წინ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია კასპის მუნიციპალიტეტში. ახლა მზადდება და ექსპლუატაციაში შედის ქარის დიდი სადგური, 200 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრით, რომელიც ასევე შემოვა ჩვენთან განაცხადით და უნდა გავცეთ მასზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.
ასევე, სხვა ქარის სადგურები შენდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. შენდება რამდენიმე მზის სადგურიც, რომლებიც არ იქნება მცირე - 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის და მეტი. ამ ეტაპზე ორი სადგური შენდება, რომლებიც ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ შემოვლენ ჩვენთან შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით.
ამიტომ ბოლო პერიოდში ასეთი განახლებადი ენერგიის წყაროების, როგორიც არის მზისა და ქარის სადგურები, აქტივობა უფრო მეტად შეინიშნება. ასევე, შენდება, რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებიც, რომლებიც ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში.
ამდენად, წლიდან წლამდე მწვანე ენერგიის წილი ჩვენს ენერგიის წარმოებაში იზრდება და მიხარია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამ საერთო კალათაში ეტაპობრივად უფრო მეტი წილი ექნება ქარისა და მზის სადგურებს“, - აცხადებს დავით ნარმანია.