მთავრობა, ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60 %-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ.
შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, შეჯერებული გადაწყვეტილების შედეგად, პურზე არსებული ფასი არ მოიმატებს.
როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას.
ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ბიძინაშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატების ნაწილი დღესაც მუშაობს, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც გააქტიურდებიან, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხორბლის შეუფერხებელ დაბინავებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826