მთავრობა ხორბლის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს დაეხმარება
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდა.
„მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია მინდა გავაცნო საზოგადოებას, ხორბლის წარმოებაში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ფასები ხორბალზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით. დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა.
ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა. ასევე, დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას გააკეთებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე, რომ მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826