მთავრობამ 130 მლნ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების ენერგეტიკული პროექტები დაამტკიცა
მთავობამ ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი დაამტკიცა. როგროც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნინული, ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს.
პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია.
გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება.
ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826